დაახლოებით ორი კვირის წინ, დილა ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო. გაღვიძებისთანავე სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" ვესტუმრე და სიახლეები შევამოწმე. ცოტა ხნის შემდეგ მესიჯების „აიკონი“ წითლად აციმციმდა, რომელიც ახალი შეტყობინების მოსვლას მანიშნებდა. სანამ გავხსნიდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რაიმე განსაკუთრებული დამხვდებოდა. წერილი გოგა ჩართოლიანისგან იყო, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთ-ერთი გადაცემის, - "სამოთხის ვაშლების" პროდიუსერად გამეცნო. მითხრა, რომ ჩემი ბლოგი ნახა, გაეცნო პოსტს ედიტ პიაფის შესახებ და 16 ნოემბერს დაგეგმილ გადაცემაში მიმიწვია, რომლის თემაც, სწორედ ეს მომღერალი იყო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან აქამდე ტელევიზიასთან არანაირი შეხება არ მქონია. როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც გადაცემა უნდა ყოფილიყო. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გვანცას, ჩემ კურსელს, რომელიც "პირველ არხში" მუშაობს, რადგან გამომყვა ჩაწერაზე და ბოლომდე ჩემთან ერთად იყო; რომ არა ის, ალბათ ნერვიულობისგან მოვკვდებოდი.
შესასვლელთან დამხდვა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი, რომელმაც საგრიმიოროში წამიყვანა. იქ კი, გოგა ჩართოლიანი და "სამოთხის ვაშლების" წამყვანები - ნინო ზაუტაშვილი, სალომე დადუნაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი და ნინო კურატაშვილი გავიცანი. ყველა ძალიან თბილად შემხვდა და ალბათ სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომლის დამსახურებითაც ნელ-ნელა ჩემი შიში და დაძაბულობა სადღაც გაქრა.
მალე სტუდიაში შევედით, სადაც ჯერ დილის გადაცემა მიმდინარეობდა, რომლის დამთავრების შემდეგ წამყავანები თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და გადაცემაც დაიწყო. მე მეორე ბლოკში უნდა შევსულიყავი, რომელიც იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე მეგონა. რეკლამაზე გავიდნენ და მეც დამიძახეს, თან გამამხნევეს: - „არ ინერვიულოო“. მიუხედავად სასიამოვნო გარემოსი, მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ მხოლოდ თავიდან, მერე კი, როგორც ზევით აღვნიშნე შიში და დაძაბულობდა გამიქრა. პირველი კითხვის შემდეგ იმდენად გავიხსენი, რომ თავი საკუთარ სახლში მეგონა, რაც პირველ რიგში ამ ოთხი არაჩვეულებრივი ქალბატონის დამსახურებაა და რის გამოც, მათ დიდ მადლობას ვუხდი.
ვფიქრობ, გადაცემა ძალიან საინტერესო გამოვიდა, პირადად მე, კმაყოფილი ვარ. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ და შეაფასოთ.