დანიელი კინო-რეჟისორი ლარს ფონ ტრიერის ფილმი “მელანქოლია” ძალიან პოეტური, ლამაზი, იდუმალი და ამავე დროს ძალიან ცხადი და მკაფიოა. ფილმის გამოსვლას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი აღწერდა მას როგორც ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ლამაზ ფილმად კინოს ისტორიაში, როდესაც სხვები მას სასაცილოს და ცოტა მოსაბეზრებელსაც კი უწოდებენ.
ფილმი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ ნაწილს “ჯასტინი” ჰქვია, რომელიც საკმაოდ საინტერესო, დამაინტრიგებელი და ლამაზი კადრებით იწყება და შესანიშნავად შერჩეული მუსიკა, რიჩარდ ვაგნერის “ტრისტანი და იზოლდა” აფორმებს, რაც კადრებს დრამატიზმს მატებს. ამ ნაწილში ნაჩვენებია ჯასტინისა (რომლის როლსაც კრისტენ დასტენი ასრულებს) და მაიკლ ლავიშის ქორწილი. ჯასტინი, მელანქოლიკი ადამიანია და ღრმა დეპრესიაში იმყოფება, რომლისგან გათავისუფლებას თავის ქორწილშიც კი ვერ ახერხებს. ამით ის უახლოეს ადამიანებსაც კი აკვირვებს. მეორე ნაწილს “კლერი” ჰქვია. კლერი (შარლოტა გრეინსბურგი) ჯასტინის დაა რომელიც პედანტურობით გამოირჩევა. ამ ნაწილის დასაყისში ნაჩვენებია ჯასტინის დეპრესიული მდგომარეობა და კლერის თავდაუზაგავი მცდელობა დაეხმაროს საყვარელ დას. ბოლოს კი ფილმი სამყაროს აღსასრულით მთავრდება. უკანასკნელ მომენტში მთავარი გმირები ჯასტინი, კლერი და მისი პატარა შვილი. მთაზე იკრიბებიან და სამყაროს აღსასრულს ხელჩაკიდებულები ელოდებიან.
რეჟისორის თქმით ფილმის ინსპირაცია მისთვის მისი ფსიქოლოგის სიტყვები გახდა, რომელმაც უთხრა, რომ მელანქოლიკი ადამიანები კრიტკულ სიტუაციებში ბევრად უფრო ძლიერები და საღად მოაზროვნეები ხდებიან, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, რაც იმით არის გამოწვოეული, რომ აღარაფერი აქვთ დასაკარგი. სწორედ ასე მოხდა ჯასტინის შემთხვევაშიც. ფილმის დასაწყისშივე ჩანდა რაღაც მისტიური მის დეპრესიაში. თითქოს მან ყველაფერი წინასწარ იცოდა. თუნდაც ის თუ რამდენი მუხუდოს მარცვალი აღმოჩნდებოდა მის საქორწინო გათამაშებაში. ის ერთადერთი აღმოჩნდა რომელმაც ზუსტად დაასახელა მათი რაოდენაბა. მან თითქოს სამყაროს აღსასრულის შესახებაც იცოდა ყველაფერი, ამიტომაც კლერისგან განსხვავებით უფრო მარტივად ეგუება ფაქტსმ, რომ სიკვდილი უკვე ახლოს არის. როდესაც საფრთხის მოახლოებას კლერიც აცნობიერებს, ის სასოწარკვეთაში ვარდება, პანიკა იპყრობს და თავს კარგავს. ჯასტინი კი, რომლის სულიერი მდგომარეობაც იმდენად მძიმეა, რომ მის ფიზიკურობაზეც ახდენს გავლენას, ძალებს იკრებს და ბედისწერას მამაცურად ხვდება და რაც მთავარია არამხოლოდ თვითონ არამედ ცდილობს რეალობას თავის და და დისშვილიც შეაგუოს.
თანამედროვე კინო რეჟისორებისგან შეჩვეულები ვართ, რომ სამყაროს არსასრულს ათასგვარი კატაკლიზმებით გვისახავენ. ამ ფილმში კი ვერსად ნახავთ დიდ ტალღებს, ცეცხლის წვიმებს ანდაც დამსკდარი მიწას, რომელიც ყველას და ყველაფერს შთანთქავს. ფილმი ძალიან სადად მთავრდება, როდესაც დედამიწას ლურჯი “ მელანქოლია “ ეჯახება. ჩემი აზრით ჯერ არავის დაუნახებია ეს პროცესი ასე მხატვრულად, სადად და რაც არ უნდა უცნუარად ჟღერდეს ლამაზადაც კი, როგორც ეს ლარს ფონ ტრიერმა შეძლო. ფილმი თავისუფალია ზედმეტი და უადგილო სპეც-ეფექტებისგან რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. პირადად მე, “მელანქოლიას” ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დავასახელებდი.